Wednesday, November 13, 2013

ძველი რუსთავის ისტორია

V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ გატარებული საეკლესიო რეფორმით რუსთავი მსხვილი საეპარქიო ცენტრი გახდა.
VI- VIII საუკუნეებში რუსთავში საქალაქო ცხოვრება ყვაოდა და მისი მოსახლეობა 20 000 კაცზე მეტს აღწევდა.
მე-8 საუკუნის ბოლოდან კუხეთსა და რუსთავს,სინას მთაზე ახლად აღმოჩენილი ხელნაწერების მიხედვით,რუსთაველთა ფეოდალური სახლი განაგებდა. აქედან გამომდინარე,არსებობს მოსაზრება,რომ XII საუკუნის გენიალური პოეტი - შოთა რუსთაველი , ამ საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო.
735-737 წლებში არაბი მურვან-ყრუს საქართველოში ლაშქრობისას აოხრდა რუსთავიც. მორიგი უბედურება რუსთავს XI საუკუნეში დაატყდა თავს. ამჯერად ქალაქი თურქ-სელჩუკების შემოსევის შედეგად დაინგრა.
თურქ-სელჩუკებისგან რუსთავი დავით აღმაშენებელის მწიგნობართუხუცესმა,გიორგი ჭყონდიდელმა გაათავისუფლა და რუსთავი სამეფო ქალაქი გახდა.
XII – XIII საუკუნეების რუსთავში საქალაქო ცხოვრებამ განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია. რუსთაველი ხელოსნების მიერ დამზადებული ნაწარმი გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით და მასზე არამარტო საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების ბაზარზეც დიდი მოთხოვნილება იყო. ამავე დროს რუსთავი მსხვილ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. იგი ჩართული იყო ახლო აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზების ქსელში.
1265 წელს მონღოლი ბერქა- ყაენის გამანადგურებელი ლაშქრობის შედეგად ქალაქი რუსთავი ნაცარტუტად იქცა და ფაქტობრივად,არსებობა შეწყვიტა. XIV-XVII საუკუნეებში ცხოვრების კვალი მხოლოდ რუსთავის ციხეზე შეინიშნება.

XVII – XVIII საუკუნეთა მიჯნაზე კახელმა და ქართლელმა ბაგრატიონებმა სცადეს ქალაქის აღორძინება სცადეს,თუმცა უშედეგოდ. ამ დროის შემდეგ რუსთავის ციხეზეც შეწყდა ცხოვრება.

No comments:

Post a Comment