Thursday, November 14, 2013

რუსთავის დრამატული თეატრი

რუსთავი - ეს ის ადგილია,სადაც ერთდროულად იჭედებოდა ფოლადი და თეატრალური კულტურა. აქ დაირწა ქართველ ხელოვანთა, სცენის დიდოსტატთა აკვანი. ქალაქის თეატრალური დასი დაარსების დღიდან ქმნიდა და განსაზღვრავდა ქვეყნის კულტურულ მომავალს.ამ თეატრიდან გამოსულმა მსახიობებმა წვლილი შეიტანეს რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრის დასების ჩამოყალიბებაში.
რუსთავის თეატრი ერთ-ერთი წამყვანი თეატრი იყო საქართველოში. მის სცენას შეუძლია იამაყოს იმით,რომ აქ უთამაშიათ ოთარ მეღვინეთუხუცესს, თენგიზ არჩვაძეს, ლეო ანთაძეს,თამარ სხირტლაძეს,გივი ბერიკაშვილს,კახი კავსაძეს და მრავალ მსგავს დიდებულ მსახიობს.
ქართული თეატრი ქ.რუსთავში შეიქმნა 1967 წელს გიგა ლორთქიფანიძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით. თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა გ.ლორთქიფანიძე. პირველი სპექტაკლი - ე.როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი" (რეჟისორი გ.ლორთქიფანიძე) დაიდგა 1967 წლის 30 ოქტომბერს. 

რუსთავის მუზეუმი

  რუსთავი  პატარა ისტორიული ქალაქია. ისტორიას მოფრთხილება უნდა. ამიტომ, ჩვენი პატარა ქალაქი თავისსავე ისტორიას თავისსავე მუზეუმში იცავს და უფრთხილდება.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ რუსთავში დაარსდა 1950 წელს. მუზეუმში სულ დაცულია 21211 ექსპონანტი, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს, უფრო კონკრეტულად კი რუსთავისა და ისტორიული კუხეთის (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული მასალა (ძვ. წ. აღ. XIX საუკუნიდან ახ. წ. აღ. VIII საუკუნის ჩათვლით). ეს მოიცავს თიხის, ვერცხლისა და მინის ჭურჭელს, საბრძოლო და შრომის იარაღებს, ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს სამკაულებს, ადგილობრივი და უცხოური წარმოების საბეჭდავებს. მუზეუმში ასევე ინახება ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული კოლექციები, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები. ამ ყველაფერთან ერთად მასპინძლობს გამოფენებს. მათ შორის იყო: ,,ია მღებრიშვილის პერსონალური გამოფენა"-ობობის ქსელებით შექმნილი სურათები, ,,რუსთაველ მხატვართა გამოფენა", ,,ახალი სახეები" და სხვა. რუსთავის მუზეუმის  საგანმანათლებლო  პროგრამაში შედის კონკურსი - ,,ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია", ,,ქალაქების წარმოშობა რუსთავის მაგალითზე", ,,თავდაცვითი ნაგებობების ისტორია", ,,საბრძოლო იარაღის ისტორია" და სხვა. მუზეუმს ამჟამად ხელმძღვანელობს ქალბატონი ნაზი პაჭიკაშვილი.


Wednesday, November 13, 2013

ძველი რუსთავის ისტორია

V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ გატარებული საეკლესიო რეფორმით რუსთავი მსხვილი საეპარქიო ცენტრი გახდა.
VI- VIII საუკუნეებში რუსთავში საქალაქო ცხოვრება ყვაოდა და მისი მოსახლეობა 20 000 კაცზე მეტს აღწევდა.
მე-8 საუკუნის ბოლოდან კუხეთსა და რუსთავს,სინას მთაზე ახლად აღმოჩენილი ხელნაწერების მიხედვით,რუსთაველთა ფეოდალური სახლი განაგებდა. აქედან გამომდინარე,არსებობს მოსაზრება,რომ XII საუკუნის გენიალური პოეტი - შოთა რუსთაველი , ამ საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო.
735-737 წლებში არაბი მურვან-ყრუს საქართველოში ლაშქრობისას აოხრდა რუსთავიც. მორიგი უბედურება რუსთავს XI საუკუნეში დაატყდა თავს. ამჯერად ქალაქი თურქ-სელჩუკების შემოსევის შედეგად დაინგრა.
თურქ-სელჩუკებისგან რუსთავი დავით აღმაშენებელის მწიგნობართუხუცესმა,გიორგი ჭყონდიდელმა გაათავისუფლა და რუსთავი სამეფო ქალაქი გახდა.
XII – XIII საუკუნეების რუსთავში საქალაქო ცხოვრებამ განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია. რუსთაველი ხელოსნების მიერ დამზადებული ნაწარმი გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით და მასზე არამარტო საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების ბაზარზეც დიდი მოთხოვნილება იყო. ამავე დროს რუსთავი მსხვილ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. იგი ჩართული იყო ახლო აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზების ქსელში.
1265 წელს მონღოლი ბერქა- ყაენის გამანადგურებელი ლაშქრობის შედეგად ქალაქი რუსთავი ნაცარტუტად იქცა და ფაქტობრივად,არსებობა შეწყვიტა. XIV-XVII საუკუნეებში ცხოვრების კვალი მხოლოდ რუსთავის ციხეზე შეინიშნება.

XVII – XVIII საუკუნეთა მიჯნაზე კახელმა და ქართლელმა ბაგრატიონებმა სცადეს ქალაქის აღორძინება სცადეს,თუმცა უშედეგოდ. ამ დროის შემდეგ რუსთავის ციხეზეც შეწყდა ცხოვრება.

Tuesday, November 12, 2013

ძველი ქალაქის ისტორია - დაარსება



XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის, ლეონტი მროველის ცნობით რუსთავი აუშენებია ქართველების მითიური წინაპრის, ქართლოსის ცოლს. იმავე ისტორიული წყაროს მიხედვით რუსთავი ძვ.წ. IV საუკუნეში უკვე ქალაქია. ალექსანდრე მაკედონელს ქართლში ლაშქრობისას დახვედრია ქალაქები: დიდი მცხეთა,უფლისციხე,სარკინე, რუსთავი,კასპი და სხვა.



საქალაქო ცხოვრების კვალი რუსთავში ახ.წ. IV საუკუნიდან შეინიშნება. ამ დროისთვის საფუძველი ჩაეყარა ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის მნიშვნელობას. ეს მოვლენა ყველა ისტორიული წყაროს მიხედვით დაკავშირებულია ქართლის მეფის,თრდატ რევის ძის (383- 395 წწ)  სახელთან. მასვე გაუყვანია მტკვრიდან სარწყავი არხი ანუ „რუ“, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა კუხეთის რეგიონის ათვისებისთვის. (რუსთავი კუხეთს მიეკუთვნებოდა). ამ არხიდანვე აიღო ქალაქმა სახელი რუსთავი. თრდატ მეფესვე უნდა აეგო რუსთავის ციხე და პირველი ეკლესია.

რუსთავის გეოგრაფია



რუსთავი 

რუსთავი მდებარეობს 41,5განედსა და 45,0 გრძედზე,ზღვის დონიდან დაახლოებით 340 მეტრზე. უკავია უნაყოფო სტეპის ნაწილი. თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 27 კმ. მანძილზე. სამხრეთიდან და დასავლეთიდან მას ესაზღვრება იაღლუჯისა და ჩათმის მთები, ჩრდილოეთიდან კი მდინარე მტკვარი. აღმოსავლეთით გარდაბნისა და ფონიჭალის ველები. 

რუსთავის კლიმატური პირობები გარდამავალია ხმელთაშუა ზღვისა და სტეპს შორის და მისთვის ტიპიურია მშრალი,ზომიერი და ცხელი ზაფხული.

წლის საშუალო ტემპერატურა - 12,5C . რუსთავისთვის დამახასიათებელია ქარი,რომელიც აღწევს 40მ/წმ-ს. წლის განმავლობაში ნალექების რაოდენობა შეადგენს 38მმ -ს.